ბოლონიის თემატური პრიორიტეტების განსაზღვრა

09/10/2019 ბოლონიის პროცესი ევროპის ქვეყნების განათლების სისტემების დაახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესია, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას უმაღლესი განათლებისათვის.

ბოლონიის პროცესი დაიწყო უნივერსიტეტების დიდი ქარტიით (ლათ. Magna Charta Universitatum). ეს იყო პროცესის საპროგრამო დოკუმენტი, რომელიც მიღებულ იქნა ქალაქ ბოლონიაში, მსოფლიოს უძველესი ბოლონიის უნივერსიტეტის 900 წლისთავზე, 1988 წელს.

ბოლონიის პროცესს საქართველო 2005 წლის მაისში შეუერთდა, ნორვეგიის ქალაქ ბერგენში.

ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) ბუქარესტის 2019 წლის აპრილის შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა კონცეფცია - „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მომავალი: გვახსოვდეს წარსული, განვჭვრიტოთ მომავალი“, რომლის ძირითადი მიზანია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის „მმართველობისა და
თემატური პრიორიტეტების განსაზღვრა 2020 წლის შემდეგი პერიოდისათვის“.

ამასთან დაკავშირებით, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის რომის 2020 წლის მინისტერიალზე განხილული იქნება ისეთი ძირითადი თემების განხილვა, როგორიცაა ის, თუ რა ძირითადი ცვლილებები/გაუმჯობესება იქნება აუცილებელი უმაღლეს განათლებაში იმისთვის, რომ 2030 წლისთვის უნივერსიტეტებს მიეცეთ შესაძლებლობა, ითამაშონ საკუთარი ფუნდამენტური როლი საზოგადოების ფორმირებაში; რა უნდა იყოს სამომავლო ძირითადი პრიორიტეტები და სხვ.  

ზემოაღნიშნული საკითხის თაობაზე კონსულტაციების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია უნივერსიტეტების ჩართულობა, შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აპირებს, ჯეროვნად განიხილოს ბოლონიის პროცესთან დაკავშირებული სამომავლო ეტაპების მიზნები და ამოცანები, რათა განსაზღვრული იქნას სათანადო გამოწვევები და შესაბამისი ინსტრუმენტები ერთიანი ევროპული სივრცის შემდგომი განვითარების უზრუნველსაყოფად.

სიახლეებში დაბრუნება